პირველი მაისიდან, ქვეყანაში ამოქმედებული კანონით, თამბაქოს მოწევაზე შეზღუდვები დაწესდა. საზოგადოების დიდი ნაწილი, თვლის, რომ სიგარეტის კვამლისგან შენობა-ნაგებობების გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ისეთი რესტორნები, კაფე-ბარები თუ პაბები აქვთ, სადაც ღია ცის ქვეშ მოსაწევი ადგილების მოწყობა ვერ ხერხდება, იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც მათ ბიზნესს ამ კანონის წყალობით ემუქრება.
მათ კანონის ინიციატორებთან კიდევ უფრო კონკრეტული კითხვები აქვთ.
კანონპროექტის შემქმნელები კრიტიკას არ ეთანხმებიან. მათი თქმით კანონს ხარვეზები მხოლოდ ორ: სამორინეებისა და სიგარა ბარების შემთხვევაში გააჩნია.
პირველი კანონი, რომელსაც თამბაქოზე კონტროლი უნდა დაეწესებინა პარლამენტმა ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღო, თუმცა გატარებული ცვლილებების მიუხედავად, კანონი რეალურად არ მოქმედებდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს მიზეზით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკამ საგანგაშო ნიშნულამდე მიაღწია. მათ ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ყოველ წლიურად საქართველოში თამბაქოს გამო 11 ათას 400 ადამიანი იღუპება.
კანონში შეტანილი ახალი ცვლილებები ძალაში მხოლოდ ხუთი დღეა შევიდა ამიტომ, ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო ინტერნეტ სივრცეს, სადაც უამრავი ფილმის, მუსიკალური კლიპის თუ სხვადასხვაგვარი გადაცემის ნახვა რაიმე სახის შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი.