ნინია კაკაბაძის მოთხოვნას, თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ბორდის წევრები ეხმაურებიან.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ ბორდის წევრს ნინია კაკაბაძეს ხელფასების ინფორმაციის მიღების უფლება აქვს, თუმცა ინფორმაცია კონფიდენციალურია და ეს არ უნდა გასაჯაროვდეს.
„მოთხოვნის უფლება აქვს, მაგრამ ეს არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არც ერთ მეორეს არ აქვს იმის უფლება, პირდაპირ თუ ირიბი მესიჯებით, შემდეგ ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია და მოახდინოს თანამშრომელთა კონფლიქტის ესკალაცია. ზუსტად აქ არის საშიშროება," - აცხადებს ფუტკარაძე.
მენეჯმენტის ვალდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას ქეთევან მსხილაძე. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრი ამბობს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი ვალდებულია ნინია კაკაბაძეს მოთხოვილი ინფორმაციას მისცეს.
„მე პირადად გამომითხოვია ასეთი ინფორმაცია. გამომითხოვია თანამშრომლების რაოდენობის შესახებ, მათი ხელფასების შესახებ, ახალი აყვანილი თანამშრომლების შესახებ, გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. ეს ინფორმაცია არა ერთხელ მომითხოვია და მიმიღია, ამაში მე უკანონოს ვერაფერს ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.