2 საათიანი შეხვედრა ძიუდოისტებსა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს შორის, ცოტა ხნის წინ, დასრულდა. სპორტსმენებმა მიხეილ გიორგაძეს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინეს, რაც მათ ფედერაციის პრეზიდენტთან აქვთ.
სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ შეხვედრით კმაყოფილია და მინისტრს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„გავიარეთ ის დეტალები და ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს და რაც მართლაც ხელჩასაჭიდია ნებისმიერი ორგანოსთვის, ვინც ამით დაინტერესდება. თვითონ სამინისტროს, უშუალოდ, კითხვები გაუჩნდა და ისინი ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს,“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრის განცხადებით, აქციების დაანონსებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტსმენები იმსჯელებენ და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„დაანონსებისგან თავს შევიკავებ რაიმე აქციის კუთხით, ვიმსჯელებთ ბიჭები ერთად, შევჯერდებით ერთ აზრზე და როგორი ფორმაც უფრო უკეთესი იქნება, ისეთ ფორმებს მივმართავთ შემდგომში გაგრძელების კუთხით,“ - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
თავად მიხეილ გიორგაძე, ვითარებაში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის მიერ 10 მაისს დაანონსებული ყრილობა არ ჩატარდება.