საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრი ამ დრომდე ელოდება არხის მენეჯმენტისგან მაუწყებლის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაციას.
რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმა წევრმა დღეს უკვე არხის გენერალურ დირექტორს მიმართა. ვასილ მაღლაფერიძისთვის მიწერილ პირველ ოფიციალურ წერილში, ნინია კაკაბაძე მაუწყებლის სახელფასო პოლიტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.
ნინია კაკაბაძე განმარტავს, რომ არხის მენეჯმენტი ვალდებულია მას, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წევრს, სახელფასო ბიუჯეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მისცეს.
სახელფასო ბიუჯეტის შესახებ ნინია კაკაბაძემ ინფორმაცია მაუწყებლის აპარატისგან პირველად ჯერ კიდევ გასულ კვირას მოითხოვა. ამის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა, ბორდის წევრს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი აკრიტიკებს.
ბორდის წევრების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო და სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი არხის მენეჯმენტისგან მონაცემებს უახლოეს დღეებში ელოდება. უარის შემთხვევაში, ნინია კაკაბაძე არ გამორიცხავს, ინფორმაცია უკვე სასამართლოს გზით მოითხოვოს.