17 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
საქონლის გადასარეკი გზის გარეშე დარჩენილი 4000-მდე ოჯახი იორმუღანლოში - სოფლებში აქციების დაწყებით იმუქრებიან 

იორმუღანლოში საქონლის გადასარეკი გზის გარეშე 4000-მდე ოჯახი დარჩა. უცხოურმა საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფმა” გზაზე, რომლითაც 9 სოფლის მოსახლეობას საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, თხრილები გაიყვანა და ხალხს სარგებლობა აუკრძალა. ახალმა მფლობელმა სარწყავი არხებისთვის თხრილები გაიყვანა, რის გამოც საძოვრებამდე მისვლას ვეღარ ახერხებენ.

საქონლის გადასარეკად სახელმწიფოს მიერ დადგენილი გზით სარგებლობის დროსაც, მწყემსებს კერძო ტერიტორიების მესაკუთრეები საფასურის გადახდას აიძულებენ. 

მოსახლეობის პროტესტს დღეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ.

კომპანია "არიკ ჯგუფმა“ კერძო საკუთრებაში მწყემსების უკანონოდ შესვლის გამო პოლიციას რამდენჯერმე მიმართა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ტერიტორიაზე ვენახისა და ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავენ და თხრილებიც საკუთრების დაცვის მიზნით გააკეთეს.

იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი და უცხოური საინვესტიციო კომპანია ვერ შეთანხმდებიან, მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ავტორი: ია გულიაშვილი, ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები