მიგრაციის თემაზე დღეს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების, ასევე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.
ისინი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებთან ერთად მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებზე, თავშესაფრის მოთხოვნაზე, შრომით ექსპლუატაციასა და ტრეფიკინგზე იმსჯელებენ.
ასევე განიხილავენ ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შედეგებს, სამშობლოში დაბრუნებისა და საქართველოში მიგრაციის მართვის საკითხებს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "CIDA“ ორგანიზებით ტარდება.
„საკმაოდ დიდია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მხრივ მკაცრდება გვარის შეცვლასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები და ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანია არის მნიშვნელოვანი. უვიზო მიმოსვლას ჯერჯერობით არ ემუქრება საფრთხე, თუმცა თუკი თავშესაფრის მაძიებელთა და უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა შესაძლებელია, რომ საფრთხე შეექმნას“-აცხადებს ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)”- ს იურისტი თეონა კილაძე.