არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების მიზნით, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ხელისუფლებას საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საქართველომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს.
ორგანიზაციის იურისტის განცხადებით, რომელიც ტატუნაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს, ევროსასამართლოში სარჩელის გაგზავნა ჭიანურდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ოჯახის ინტერესების დამცველს პრეტენზია აქვთ ექსპერტიზასთან დაკავშირებითაც, რომელიც უკვე ორი თვეა მიმდინარეობს და ამ დრომდე შუალედური შედეგი არ არის ცნობილი.
„სამხარაულის ეროვნული ბიურო ორ თვეზე მეტია აწარმოებს ექსპერტიზას და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებს როცა გავეცანით იქ იყო სამხარაულის ექსპერტიზის წერილი, რომელიც გამოძიებას სთხოვს, რომ გადასცეს ბიუროს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები. როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.
ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არის ის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და მეც როგორც მისი ოჯახის დამცველმა მედიისგან შევიტყვეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები“-აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი.
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ცხედარს გარეგნული დათვალიერებისას აშკარად ეტყობოდა წამების კვალი. მისივე თქმით, მის ხელთ არსებულ ფოტოებში, რომელიც ცხედარს გადაუღო ნათლად ჩანს ნატყვიარიც. გიორგი ტატუნაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ვერ დებს ექსპერტიზა შუალედურ დასკვნას, როცა წამებით მკვლელობის კვალი შინაგანი ორგანოების დათვალიერების გარეშეც ნათელია.
„ტელეფონში მაქვს სურათები, შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არ არის, ხელები დაჩეჩქვილი ჰქონდა დამტვრეული და ხელმეორედ აწყობილი. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები? რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“- აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.
ტატუნაშვილების ოჯახისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ტატუნაშვილის საქმეზე ევროსასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.