ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დიღომში, ნაქირავებ ბინაში, სამართალდამცველები სავარაუდოდ ნივთმტკიცებებს და ბრალდებულის თანამზრახველების კვალს ეძებდნენ.
„დაკავებული მოიყვანეს აქ არ დაუკავებიათ, აქ ჩხრეკა ჩაატარდა. როგორც ვიცი, ერთი ბიჭი დააკავეს ნაქირავებში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. როგორც გავიგე ეს ბიჭი ინტერნეტით ასაღებდა ნარკოტიკს“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ია მგალობლიშვილი.
ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე შს სამინისტრომ ცოლ-ქმარი, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცველებმა 2 თვის მანძილზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.
დაკავებული პირების მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.