კლუბების წარმომადგენლები შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ისინი სამართალდამცავებისგან ითხოვენ დადგინდეს ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი და იმ ნარკოტიკული ნივთიერებების სახეობა რამაც ამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.
„ფორს მაჟორული სიტუაციაა ქვეყანაში და სახელმწიფო არის მინიმუმ უმოქმედო. მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი , რომ შსს-ს ინტერესებში ეს ყველაფერი შედის. იმიტომ, რომ გასულ წელს გოგონა გარდაიცვალა ფესტივალზე და დღემდე არ არის ცნობილი რითი მოხდა. ეს ტოვებს ყველანაირ საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ეს არის ომი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის,“- განაცხადა კლუბ ბასიანის წარმომადგენელმა ტატო გეტიამ.
კლუბ "ბასიანის" მფლობელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია, რომ დაწესებულების წარმომადგენლები არც ერთ ნარკოტიკულ გარიგებებში ჩართულები არ არიან. ზვიად გელბახიანი მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს თავი დაანებონ ამ თემით სპეკულირებას.
„მოეშვან კლუბების დისკრედიტაციას,“-ამბობს ზვიად გელბახიანი.
ახალგაზრდების ნარკტიკული საშუალებებით გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით კლუბების პასუხისმგებლობას გამორიცხავს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობაც.
„პოლიტიკოსებისგან და მათშორის მოვისმინეთ ბერა ივანიშვილისგანაც კი სრულიად არაადექვატური განცხადებები. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფო იმყოფება შოკურ მდგომარეობაში და წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა იმოქმედოს,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
კლუბ „ხიდის“ დამფუძნებლისთვის გაუგებარია ვის ინტერესებში შედის ადამიანების გარდაცვალება და შემდეგ ამ ფაქტების კლუბების წინააღმდეგ გამოყენება.
„ეს არის სრული სისულელე, რომ კლუბს დააბრალო მსგავსი რამე. ალბათ სჭირდებათ რაღაცისთვის,“-განაცხადა თამარ აქსანდიევმა.