საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილებს განმარტავს.
თალაკვაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ სურს, კანონ-პროექტის განხილვამდე საზოგადოებას ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
"შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუკი მას წესრიგში არ აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები.
"ასევე, დასჯადი ხდება საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ ტრეფიკინგის რისკებსაც შეიცავს. აღნიშნული მექანიზმები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.
"კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მათ უხდებათ. ამიტომაც, უზენაესი კანონის რანგში ავიყვანეთ სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს ჩანაწერი პირველად 2018 წელს იქცა კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად.
"შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ზიანის მომტანია, როგორც ამ წესების დამრღვევი პირების, ასევე ჩვენი ქვეყნის, მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომაც აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.
"ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. შესაბამისად, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე,“ - აცხადებს თალაკვაძე.