17 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"ნინო გეგელაშვილი ბრალს აღიარებს, თუმცა საქმეში გიორგი გოგებაშვილის მონაწილეობას უარყოფს"-ადვოკატი ნარკორეალიზატორების საქმეზე

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, რის შემდეგაც ისინი  დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს. ბრალდებული გიორგი გოგებაშვილის უფლებადამცველი  ამბობენ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ.

„აცხადებს, რომ ნარკოტიკების შეძენა შენახვასთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია,“-განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს ნინო გეგელაშვილს, ის დანაშაულს აღიარებს.

„ის ცნობს თავს დამნაშავედ. ოღონდ ნაწილობრივ ცნობს. ან ცნობს, რომ მან დანაშაული არ ჩაიდინა ჯგუფურად ანუ გიორგი გოგებაშვილთან ერთად. აცხადებს, რომ მან პირადად ჩაიდინა ეს დანაშაული. ის ამბობს, რომ არ მოუხდენია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია. ამბობს, რომ ახდენდა ამ ე.წ. ბიოს, ამის რეალიზაციას,“-განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ადვოკატის თქმით დაცვის მხარე სასამართლოში გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ხოლო ნინო გეგელაშვილის მიმართ კი მოსამართლეს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

23 წლის გიორგი გოგებაშვილი და მისი მეგობარი გოგონა, 27 წლის ნინო გეგელაშვილი სამართალდამცავებმა ვარკეთილში დააკავეს. ასევე ნაპოვნია მათ მიერ დაქირავებული კონსპირაციული ბინა, საიდანაც შსს-ს ინფორმაციით მთელი საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა.

გაირკვა ისიც, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსნის ძმაა. სწორედ მისი საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე კორპუსში ჰქონდათ ბრალდებულებს  ნაქირავები ბინა. 

დღის ამბები