სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ფინანსური პრობლემების შესწავლას და პროცესში აუდიტის სამსახურის ჩართვას ითხოვს.
შოთა ხაბარელის თქმით, საუბარია ძიუდოს ფედერაციისთვის გადარიცხულ მილიონებზე, რომელზე დასკვნაც კომპეტენტურმა უწყებამ უნდა მოამზადოს.
მისივე განცხადებით, ფინანსურის გარდა დანარჩენი საკითხები კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ უნდა განიხილოს, რომელიც უახლოეს დღეებში შეიკრიბება.
ძიუდოისტების მსგავსად კითხვები დავით ქევხიშვილის მფარველობასთან დაკავშირებით შოთა ხაბარელსაც აქვს.
„ეს კომისია არ იქნება საკმარისი ჩემი აზრით. ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, აქ არის მილიონებზე საუბარი, რომელსაც სახელმწიფო ურიცხავს ფედერაციას და ალბათ ეს აუდიტის შესამოწმებელი იქნება. არ მგონია, რომ ქევხიშვილის სიტუაცია იყოს მართული, მაგრამ დაცვის თვალსაზრისით თუ ვინმე იცავს, ეს არის გასარკვევი. ვინ არიან ეს ადამიანები. რატომ ასე თავდადებით იცავენ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის შემლახავი რეპუტაციის ძიუდოს სამყაროსი, მაგრამ აქცენტები რაც არის დასმული და კითხვები, პასუხი უნდა გაეცეს,“- აცხადებს ხაბარელი.