საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან და მას უსუსურს უწოდებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მმართველ გუნდს პირობის შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებენ. მათი თქმით, არ შესრულდა დაპირება შემოდგომისთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ და პარლამენტს ჯერაც არ აქვს მიღებული შესაბამისი კანონი.
არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზაციას მაღალი თანამდებობის პირები მფარველობდნენ.
„ეს არ ჰგავს იმ პოლიტიკური ლიდერის განცხადებას, რომელსაც ნათელი პოლიტიკური ხედვა აქვს და რწმენა აქვს იმ პოლიტიკისა, რომელიც უნდა განვითარდეს ქვეყანაში. ის გვესაუბრება პრევენციაზე სადღეგრძელოს სტილში. პრევენცია ასე არ ხორციელდება. თუ მას სურდა პრევენციის განხორციელება, უნდა მიეღო ჩვენი რეფორმა. რა თქმა უნდა შს სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ, არიან და იქნებიან ჩართული ნარკორეალიზაციის მხარდაჭერაში,“-განაცხადა ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა დავით სუბელიანმა.
ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეც.
„ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები ამ დრომდე ამ მიმართულებით ჩვენ არ გვინახავს. როდესაც იქნება კანონპროექტი, ეს კანონპროექტი პროცედურების დაცვით პარლამენტის მიერ მიღებული და თუ იქ აისახება რეალურად ცვლილებები, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ სახელმწიფოს პოლიტიკაზე,“-აცხადებს სულხან სალაძე.