ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახალი მე-2 სამშობიაროს მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე მერკვილაძის ადვოკატებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ საქმეში ახალი მტკიცებულებები დაერთოთ, თუმცა, მოსამართლემ, თეიმურაზ სვანიძემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პროცესზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა დაკავებულმა ირაკლი მერკვილაძემაც. მისი თქმით, ბრალდების მხარის ექსპერტების დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაც განაჩენის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მერკვილაძის განცხადებით, მის მიმართ კონკურენტების მხრიდან მიზანმიმართული და შეკვეთილი ბრძოლა მიმდინარეობს.
ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმე ეხება ხუთი წლის წინ მომხდარ შემთხვევას. მერკვილაძეს მატინოვების ოჯახი ალა მატინოვას გარდაცვალებაში სდებს ბრალს.
ალა მატინოვას ოჯახი ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ რამდენიმე კვირაში დაიღუპა, მიზეზი კი ექიმის უყურადღებობა იყო.