17 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ლანჩხუთის ცენტრში სამართალდამცველს ორი ახალგაზრდა პოლიციის განყოფილების წინ ფიზიკურად გაუსწორდა

ნაცემი პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი - სამართალდამცველს ორი ახალგაზრდა ლანჩხუთის ცენტრში პოლიციის განყოფილების წინ ფიზიკურად გაუსწორდა.

ზვიად ივანიაძეს, რომელიც შემთხვევის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, თავს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა. სამართალდამცველი სახეში მიყენებული დაზიანებების გამო, ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობს.

თვითმხილველი, რომელიც თავდასხმას შეესწრო ყვება, რომ ახალგაზრდებმა სამართალდამცველს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ორივე მათგანის დაკავება შემთხვევის ადგილზევე მოასწრო.

გამოძიების დეტალები უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის მიზეზი ნაცემი პოლიციელის სამსახურეობრივი საქმიანობა და შურისძიება გახდა. ზვიად ივანიაძე იძიებდა ადგილობრივი საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის ცემის საქმეს. ექიმს მთვრალი ახალგაზრდები საავადმყოფოში გაუსწორდნენ.

ნაცემ პოლიციელს ახლა სწორედ ნაცემი ექიმი, მიხეილ ბარამიძე მკურნალობს. მისი განცხადებით, სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სამსახურეობრივი საქმიანობის გამო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ლადო მენაბდე.

დღის ამბები