გუშინ, გვიან ღამით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ადვოკატი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია, სად იყო მოთავსებული ზვიად გელბახიანი.
ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად გელბახიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება.
ის დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. თავად ზვიად გელბახიანი ბრალს არ აღიარებს.
კურიერის ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 70-მდე ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე 8 პირია დაპატიმრებული, ადმინისტრაციული სამართალდარღევისთვის დაკავებულთა რაოდენობას კი უწყება ამ დრომდე არ აკონკრეტებს.
გარდა ამისა, კურიერის ინფორმაციით, დაკავებულები გადაყვანილები არიან როგორც თბილისის, ასევე რუსთავის, მცხეთის, მარნეულისა და საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. ადვოკატები მათ მოსანახულებლად დაკავებულებთან ეტაპობრივად შედიან.