„ჩვენ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვნახეთ შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა ქვეყანაში,“ - ასე აფასებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია, სამართალდამცავების კლუბებში შეჭრას და დაკავებებს.
გიორგი ბერაიას თქმით, შსს-მ აღნიშნული ქმედება უნდა განმარტოს.
„დღეს, ფაქტობრივად, ლაივში ვუყურებდით, როცა ადამიანებს, არ ჩანდა, რომ რაიმეს აშავებდნენ, პოლიცია ხელს კიდებდა, ტენიდა მანქანაში და მიჰყავდა. ასეთი სიტუაცია, ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების დაცვასთან, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული. შესაბამისად, ამას ცხადია, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. შსს-მ, პირველ რიგში, უნდა განმარტოს, რატომ იყო აუცილებელი კლუბში შევარდნა,“ - განაცხადა ბერაიამ.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე 8 პირია დაპატიმრებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულთა რაოდენობას კი უწყება ამ დრომდე არ აკონკრეტებს.