17 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
სპეცოპერაცია კლუბებში - უფლებადამცველის თქმით, მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ გაურკვეველი სახის ნივთიერება სამართალდამცველებმა დადეს 

გუშინ თბილისში ღამის კლუბებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 70-მდე ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ქალაქის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში 8 დაკავებული ჰყავთ მოთავსებული.

4 დაკავებული უფლებადამცველებმა უკვე მოინახულეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, კაფე გალერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილია.

„მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა ჩხრეკა, მოხდა ამოღება რაღაც ნივთიერების, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელია, რა ნივთიერებაა. არის დერეფანი, დერეფნიდან გადიხარ ეზოში, იმ დერეფანში სველი წერტილებია. მე, პირადად, რამდენჯერმე გავიარე იმ ადგილზე და რაიმე ნარკოტიკი არ იყო და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება, რომ რაღაც ნივთიერება არის იატაკზე, რომელზეც შეიძლება, სამჯერ გადამევლო და აუცილებლად მე იმას შევამჩნევდი,“ - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ.

უფლებადამცველის თქმით, მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ გაურკვეველი სახის ნივთიერება სამართალდამცველებმა დადეს.

„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს შევაგროვებ, როგორც დაცვის მხარე. რაც შეეხება რაიმე ნივთიერება, ვინმე კონკრეტული გალერის თანამშრომლისგან არ ამოღებულა. უბრალოდ, იქ იყო ძალიან ბევრი სტუმარი. როგორც თანამშრომლები ამბობენ, იქ არსებული რამდენიმე ნარკოტიკი შეიძლება, სტუმარმაც კი დააგდო,“ - აცხადებს ხათუნა ხურცილავა.

უფლებადამცველის თქმით, ერთ-ერთი დაკავებულის  სახლში ჩხრეკა ჩატარდა და სამართალდამცველებს კანონსაწინააღდმეგო რაიმე ნივთიერება არ ამოუღიათ.

„იყენებს დუმილის უფლებას ამ ეტაპზე, ბრალი არ წარუდგენიათ და ჩამოვყალიბდებით და სიმართლის თქმას ბევრი არ სჭირდება. ამბობენ, რომ მას ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება. მე საქმის მასალები არ გადმომცემია, რომ სრულყოფილად შევისწავლო მასალა და მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. სახლში ჩატარდა ჩხრეკა და არანაირი კანონსაწინააღდმდეგო არ ამოუღიათ ნივთიერება. როგორც ვიცი, 21 მარტიდან მიდიოდა მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა კაფე გალერიში,“ - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

რვავე მათგანს ბრალი სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-4-ე პუნქტით აქვთ წაყენებული. მათ სამართალდამცველები ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა რეალიზებას ედავებიან.

დღის ამბები