ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებულებს უკვე შეხვდნენ უფლებადამცველები.
ადვოკატი ხათუნა ხურცილავა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ კაფე გალერის დაცვის თანამშრომელს, რომელიც გასულ ღამეს სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს, გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატის თქმით, დაზიანებები მას ხელის და ფეხის არეში სპეცოპერაციის დროს აქვს მიყენებული.
უფლებადამცველი ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„ის არ სცნობს თავს დამნაშავედ, იყენებს დუმილის უფლებას. ახლა სახალხო დამცველის აპარატიდან თავისი ინიციატივით იყო წარმომადგენლები შესული, სწავლობენ დაკავებას და არსებულ მდგომარეობას. აღენიშნება დაკავების დროს დაზიანებები, ხელის და ფეხის არეში, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლების სამედიცინო ექიმის მიერ, ასევე სახალხო დამცველმა შეადგინა აღნიშნულთან დაკავშირებით ოქმი. რა ვითარებაში, როგორ მოხდა დაკავება, ამასთან დაკავშირებით იყო გასაუბრება,“ - აცხადებს ადვოკატი ხათუნა ხურცილავა.
განცხადება გააკეთა კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
„ბრალდება არ ყოფილა წარდგენილი, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. აქედან გამომდინარე, უნდა შევიდე, გავარკვიო ყველა დეტალი, რომელიც რეალურად საქმესთან შემხებლობაში იყოს და ასე ვთქვათ, თუ არსებობს განსხვავებული პოზიცია იმასთან შედარებით, რაც ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ძალოვანი სტრუქტურები აჟღერებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გავერკვევი ყველა დეტალში და შემდგომ მოგახსენებთ, რა ვითარებაა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.