„ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია,“ - ეს განცხადება თანასწორობის მოძრაობის წევრმა, ანა სუბელიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.
„არ გავჩერდებით და გავათენებთ ღამეებს, რამდენი ღამის გათენებაც არ უნდა დაგვჭირდეს. რამდენი კვირაც არ უნდა დაგჭირდეს აქ ყოფნა, ვიდგებით კარვებით და მოვითხოვთ იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელსაც ახლა წარმოვადგენთ,“ – აცხადებს ანა სუბელიანი.
აქციის მონაწილეების თქმით, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდია.
„ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. კეთილი ინებოს პრემიერმა და იგრძნობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მანაც დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც ის ახორციელებს. დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია იმ სისასტიკეზე, რომელიც წუხელ განხორციელდა ჩვენს მიმართ,“ - ამბობს ანა სუბელიანი.
აქციაზე გამომსვლელები სპეცოპერაციას "საკუთარი მოქალაქეები წინააღმდეგ ომად" აფასებენ. აქციის მონაწილეები განცხადებით, შსს ცრუ ინფორმაციას და კადრებს ავრცელებს.