„მე ჩემი თვალით ვნახე, ადამიანებს როგორ არბევდა პოლიცია უმოწყალოდ, მათ შორის გოგოებსაც,“ - ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
ზურაბ ჯაფარიძე, აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
„გუშინდელ აქციას, ჩემი აზრით, ორი მიზანი ჰქონდა. ერთი იყო, რომ ჩვეულებრივი შოუ იყო, რომელიც დაუდგეს ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელსაც დააჯერეს, რომ ვითომ, პოლიცია ძალიან ეფექტიანად მუშაობს და იჭერს რეალიზატორებს, რაც არის ზღაპარი და მტკნარი სიცრუე და მეორე, ეს იყო ძალიან სადამსჯელო ოპერაცია აქ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პარასკე3ვს და შაბათს საღამოს განტვირთვის სახით კლუბში ერთობიან. ამ ადამიანებს უთხრეს, რომ არანაირი ნარკოპოლიტიკის ცვლილება არ იქნება, პირიქით, შეიძლება, უფრო მკაცრი ხელიც კი მოგხვდეთ, ვიდრე აქამდე ყოფილა. ჩემი აზრით, ცალსახად იყო ძალის გადამეტება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამაზე პასუხისმგებელი. მე ჩემი თვალით ვნახე, ადამიანებს როგორ არბევდა პოლიცია უმოწყალოდ, მათ შორის გოგოებსაც,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.