ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. თბილისის მთავარ სამმართველოში მათთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მოინახულა.
„შევდივარ წინასწარი მოთავსების იზოლატორში, რათა დავესწრო ბრალის წარდგენას, გადმომეცეს საქმის მასალები და ამის შემდგომ უკვე ცნობილი იქნება, თუ რომელი მუხლის რომელი ნაწილით აპირებენ მისთვის ბრალდების წარდგენას, რა მტკიცებულებები აქვთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატ ხათუნა ხურცილავას თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დაცვის მხარეს გადასცემენ.
„არ ვიცნობ საქმის მასალებს, არც აუდიო ჩაწერილ დისკებს, არც მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და შესაბამისად, მაგისთვის მოვედი, რომ ჩავიბარო მასალები. არ მომხდარა დაკითხვა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას,“ - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა. ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც.