„ჩვენ აღარ ვაპირებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას შსს-თან,“ - ეს განცხადება თანასწორობის მოძრაობის წევრმა, ანა სუბელიანმა, 17 მაისს დაანონსებული აქციის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ანა სუბელიანის თქმით, შსს-თან 17 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდნენ, თუმცა, გუშინდელი სპეცოპერაციების შემდეგ მოლაპარაკება აღარ შედგება.
„მოლაპარაკების პროცესში მიდიოდა ვაჭრობა, რომ იმ ადგილას ვერ დაგიცავთ, ამ ადგილას დაგიცავთ, ამ საათზე ვერ დაგიცავთ, იმ საათზე დაგიცავთ. დღევანდელი მოცემულობით და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ვცეკვავთ, რომლებიც ვართ ფერადები, გვიყვარს ერთმანეთი, გვეძახდნენ პიდარასტებს, გვაყენებდნენ ათას შეურაცხყოფას. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას შსს-თან. წარმოუდგენელია, დღეს ისინი ასე არღვევდნენ ჩვენს უფლებებს და 17 მაისს, თითქოს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.
ანა სუბელიანის თქმით, 17 მაისს პარლამენტის წინ გაიმართება აქცია.