თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარდა, პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე გთავაზობთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივიცემულობა, რასაც მე ნამდვილად ვაფასებ. მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად.
„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს, თუნდაც, კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები და მე დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს,“ - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, გუშინდელი სპეცოპერაციების შესახებ სპეკულაციური განცხადებები კეთდება.
„ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები მე. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის მომავალში არსებობაზე, ამას მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ განცხადება მმართველი პარტიის ოფისში გააკეთა. კახა კალაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ და დღეს მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციის პარალელურად, პრემიერმინისტრთან ქართული ოცნების კონსულტაციები მიმდინარეობს.
თბილისის მერი პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს. თუმცა, ის აქციის მონაწილეების მოთხოვნას და ულტიმატუმს, პრემიერის და შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მოთხოვნები ემოციურ ფონზე გახმოვანდა.