17 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია დროებით შეჩერებულია - პოლიციამ კარვები აიღო

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია დროებით შეჩერებულია. როგორც "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, აქციის მონაწილეები დროებით ოფისში გადაინაცვლებენ. მიზეზად ბექა წიქარიშვილმა ესკალაციის თავიდან აცილება დაასახელა.

დილიდან კი სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ გვიან ღამით დადგმული კარვები აიღეს. თავდაპირველად, პოლიციამ, შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვები თვითონვე დაშალეს. "თეთრი ხმაურის" ლიდერის თქმით, ეს პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება იყო.

„ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ვაპირებთ, რომ დროებით შევაჩეროთ აქცია. პოლიციამ კარვებიც აიღო. კარვების გაშლას არაფერი კრძალავს კანონის მიხედვით, კარვის დაშლა რამდენად კანონიერი იყო ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ჩვენ გავაგრძელებთ აქციას, უბრალოდ დროებით ვწყვეტთ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. გეგმებს უახლოეს მომავალში გაგაგებინეთ, საორგანიზაციო გუნდი დაილაპარაკებს, სავარაუდოდ, ბრიფინგსაც გავაკეთებთ,“- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ შუადღეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 12 მაისს, გამთენიისას სამართალდამცავები კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" შევიდნენ და მასობრივი სპეცოპერაცია ჩაატარეს.

დაკავებული ათეულობით ადამიანიდან, უმრავლესობა გამოუშვეს. ამ ეტაპზე პატიმრობაში 8 პირი რჩება, რომლებსაც პოლიცია ნარკორეალიზაციას ედავება.

დღის ამბები