უცხო ქვეყნიდან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორი შემთხვევა - სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ერთ შემთხვევაში აყვანის ოპერაცია სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კილონახევარი „ჰაშიში.“ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ანალოგიური ბრალდებით ირანის ორი მოქალაქეა დაპატიმრებული. ამ შემთხვევაში აღმოჩენილია 730 გრამი ჰეროინი, ასევე 14 აბი „მეტადონი.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ ამოღებულია 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა ნარკოტიკები.