რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მივიდა. „კურიერმა“ ექსკლუზიურად კახაბერ საბანაძის კომენტარი ჩაწერა. მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მივიდა.
მინისტრის მოადგილემ ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ორი განჩინება - ერთი - ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით და მეორე - კლუბების ჩხრეკაზე.
კახაბერ საბანაძემ დაადასტურა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დაკავებული რვა პირი კლუბების გარეთ დააკავეს.
„კურიერის“ კითხვას, თუ რა ნივთიერებები ამოიღეს სამართალდამცველებმა კლუბების ჩხრეკისას, შს მინისტრის მოადგილემ არ უპასუხა.
„ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია რვა პირი,“- აღნიშნა საბანაძემ.