რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლასა და დღეს დაგეგმილ შეხვედრას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
თუმცა სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ორ დღიანი დუმილის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენა უკვე დაგვიანებულია.
„ყველაზე მთავარი ალბათ ის არის რომ ხელისუფლება ძალიან ყურადღებით მოექცეს რაც ხდება და რა თქმა უნდა ადეკვატური პასუხი გასცეს, როდესაც არსებობს საზოგადოების წუხილები, როდესაც საზოგადოების ნაწილი ითხოვს რაღაცას. დღეს მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის დაგვიანებული,“-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის განცხადებით, სწორედ ხელისუფლების დუმილი იყო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანების მიზეზი.
„ აქამდე ხელისუფლება უნდა გამოსულიყო. ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები ვერ ხედავდნენ და არ ესმოდათ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რაიმე სახის პასუხი და რაიმე სახის რეაგირება, ბუნებრივია ეს იყო საზოგადოების გაღიზიანების საფუძველი,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.