სამოქალაქო სექტორის და შს მინისტრის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი - ერთი ჯგუფი სპეცოპერაციის ღამეს მომხდარ ფაქტებსა და სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს შეისწავლის და სამართლებრივად შეაფასებს, ხოლო მეორე ჯგუფი, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ჯგუფში შემავალი წევრების ვინაობა გადაწყვეტილი არ არის.
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი, ბექა წიქარიშვილის თქმით, მინისტრმა მათი პრინციპული მოთხოვნა, რომ ფორმატი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა განსაზღვრონ, დააკმაყოფილა.
ბექა წიქარიშვილი დავით სუბელიანის განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკმაოდ სწრაფად და დაძაბულ სიტუაციაში მიიღეს ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვეტილება, რის გამოც, დროული კომუნიკაცია ყველასთან ვერ შედგა.
„პროტესტი ძალაში რჩება ჩვენთვის ფორმალურად, უბრალოდ, ის შეიძლება გადავადდეს. თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ბუნებრივია, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების, რომ გადავინაცვლოთ ისევ,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.
წიქარიშვილის განცხადებით, დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და გუშინდელი დაშლა აქციის, საჭირო კომპრომისი იყო. ხვალ კი უშუალოდ 12 მაისის დღესთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ჩვენზე ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.
კლუბ „ბასიანის“ მფლობელის, ტატო გეთია აცხადებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე უფრო კონკრეტულად ისაუბრებენ სპეცოპერაციის შესახებ. ის პარასკევ ღამით მომხდარ ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ „არასწორი და მიუღებელი“ ფაქტი იყო სპეცრაზმის შესვლა „ბასიანზე“.
შსს-ს წარმომადგენლებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის მომდევნო შეხვედრა ოთხშაბათს იგეგმება.