ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს, ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, უფლებადამცველები მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობით მიმართავენ.
ბრალდებულების ახლობლები კი მათ უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამართალდამცავებისთვის ისედაც ცნობილია ვინ არის რეალიზატორი და მათ რეალური ნარკომოვაჭრეები უნდა დააკავონ.
„ხომ გეგმავდნენ ამ სპეცოპერაციებს, ხომ იციან ვინ არიან გამსაღებლები?! დაიჭირონ რეალური გამსაღებლები. არ გვჯერა ჩვენ რომ იმ დღეს ადეკვატურები იყვნენ პოლიციელები. იმიტომ, რომ გამოგვყარეს, დაგვყარეს იატაკზე. ადამიანებზე თოფები ჰქონდათ მიშვერილი. და ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ იქ ყველაფერი ახლა რასაც ლაპარაკობენ შესრულებული იყო. იყვნენ აბსოლუტურად არაადეკვატურები და ვერ დავიჯერებ, რომ ახლა ის ხალხი სამართალს იცავდა იქ. გუშინ, რომ მოიხადეს ბოდიში, ვნახოთ ის ბოდიში ბოდიშია რეალურად?!,“-განაცხადა ბრალდებულის ოჯახის ახლობელმა თინათინ ასათიანმა.
სასამართლო პროცესზე დღეს მცირე შესვენებაც გამოცხადდა. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებული გახდა, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა. მას პირველადი დახმარება დარბაზშივე აღმოუჩინეს.