ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეს სახალხოდ დამცველი შეისწავლის. 12 მაისის ვიდეომასალებს ომბუდსმენს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასცემს. ეს არის გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მიღებული ერთ-ერთ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ხვალიდან ერთი ჯგუფი გაარკვევს იყო თუ არა სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება ახალგაზრდების დასაშინებლად, მეორე კი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენი თავისუფლებისთვის!“ აქციის ორგანიზატორები შეხვედრაზე მინისტრთან გუშინ, აქციის მსვლელობის დროს გამართული კონსულტაციების დროს შეთანხმდნენ. თუმცა შსს-ში მრავალათასიანი მიტინგის ყველა ორგანიზატორი არ მისულა.
რამდენად გაამართლებს პროტესტის შეწყვეტა მიზანს ეს მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ბექა წიქარიშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ მრავალათასიანი აქციების დაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო. თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არ თვლის, რომ მან არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო. ასევე არ იზიარებს შეფასებას, რომ „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილი საზოგადოების სახლში გაშვებით თანაგუნდელებთან ერთად მხარდამჭერებიც გაანაწყენა.
„ჩვენი თავისუფლებისთვის!“ აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, თუმცა ამ კვირაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული ახალი აქციის მოთხოვნებიც.