„რუსთავი2“-ის საქმე სტრასბურგში - პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბარი კამათის ფონზე წარიმართა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავამ მინისტრს მიმართა და სთხოვა დაეზუსტებინა, რა მიზნით ჩავიდა სტრასბურგში მანამდე, სანამ ევროსასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„პოლიტიკური დავალებებისთვის და პოლიტიკური მიზნებისთვის პარტმუშაკებად იყენებთ და პარტმუშაკობაში არაფერი დასაძრახი არ არის, მაგრამ როდესაც დიპლომატს იყენებ ამისთვის, ეს არის სწორედ სამარცხვინო და სასაცილო. უბრალოდ, მეტად სამარცხვინო და სატირალი, ის, რომ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება არ აღსრულდეს, ამისთვის იყენებთ დიპლომატიურ კორპუსს და თქვენს რესურსსაც იმისთვის იყენებდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ მიეღო ის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც მიიღო რუსთავი 2-თან მიმართებაში, თუ უბრალოდ, სასეირნოდ წახვედით სტრასბურგში?“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოპონენტის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სტრასბურგში "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით არ იყო ჩასული.
„მე წავედი სტრასბურგში იმისთვის, რომ დამედასტურებინა სტრასბურგისთვის კიდევ ერთხელ, რომ საქართველო რჩება იმ თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენ სტრასბურგის წინაშე,“ - განაცხადა მინისტრმა.
რაზეც თინათინ ბოკუჩავამ უპასუხა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუის და აღიარებს სწორედ იმას, რომ კონკრეტული დავალებით ჩავიდა სტრასბურგში.