"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ადვოკატების, ლია ბითაძესა და ფიქრია მახარაძის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს.
დავით ასათიანის განცხადებით, ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილი იყო ყალბი დოკუმენტები, რომელთა წარმომავლობის დადგენის მიზნითაც ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა ჟიული ტაბაღუამ, ადვოკატები გამოკითხვაზე დაიბარა.
ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ადვოკატის დაკითხვა უშუალოდ იმ საქმეზე, რომელზეც ის იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა.
„აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევას. მათზე გარკვეულ წილად ზეწოლის განხორციელების მცდელობას. და რა თქმა უნდა სრულად მიუღებელია, როდესაც ადვოკატის დაკითხვას ითხოვს საგამოძიებო ორგანო იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევის მცდელობა,“-განაცხადა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.
ადვოკატი ლია ბითაძე გეგმავს მომხდარის საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენოს.
„ამას ასე ნამდვილად არ დავტოვებთ, აუცილებლად საერთშორისო ასპარეზზე გავიტანთ და უკვე ევროსაბჭოში იქნება განხილული ეს თემა,“-განაცხად ლია ბითაძემ.