სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 53 პირი დააკავა.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობა გასული წლის სრულ მონაცემებს აჭარბებს.
ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორის ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პოლიციის წინაშე და სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ამ ნიშნის იდენტიფიცირება გამოძიების პროცესში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. გაზრდილია სიძულვილის მოტივით და დისკრიმინაციული ნიშნის იდენტიფიცირების შემთხვევები. დღევანდელი ღონისძიებით ნათლად ვამბობს, რომ დანაშაულის გამოძიების დროს პოლიცია არის ობიექტური, მიუკერძოებელი განურჩევლად იმისა, ვინ არიან ამ დანაშაულის მსხვერპლები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.