ერგნეთის შეხვედრის მორიგი რაუნდი - ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ქართულ მხარე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდას პირველად დაუბრუნდა.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ამოცლილი ორგანოები -გული და თავის ტვინი, მოითხოვა. მოლაპარაკებები 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
თუ ოკუპანტები ქართულ მხარეს ამ ორგანოებს არ დაუბრუნებენ, ექსპერტიზას საბოლოო დასკვნის მომზადება გაუჭირდება. უკვე რამდენიმე კვირაა, სასამართლო ექსპერტიზის ბიურო თბილისში ვერ ახერხებს, ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზებზე დასკვნა დადოს.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. უწყება სახელმწიფოთა შორის სარჩელს ამზადებს.
მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მისმა უწყებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გმირი ჯარისკაცის სხეული გადმოცემული არც იყო.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს. მეორე დღესვე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო მისიებში ნამყოფმა ჯარისკაცმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია. მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დასახიჩრებული ჯარისკაცის სავარაუდოდ ნაწამები სხეული ოჯახს მხოლოდ 20 მარტს დაუბრუნეს. მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს.