17 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
12 მაისის ღამის მოვლენები - შსს-ში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა 

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში უშედეგოდ დასრულდა. მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და სახალხო დამცველის მოადგილე ორი საათის განმავლობაში ძალოვნებს ხვდებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის, განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით უკმაყოფილოა.

„რომ გითხრათ, რომ ეს ადამიანები აღიარებენ, რომ მათ დაარღვიეს იქ ადამიანების უფლებები, ეს ასე არ არის. ბოდიშიც მხოლოდ ჰიფოტეთური ბოდიშია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ ჩაიდინეს დარღვევები. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ჯერ კიდევ საპროტესტო რეჟიმში. არ დასრულებულა პროტესტი, პროტესტი მხოლოდ შეწყდა. ჩვენი მოთხოვნები არის ძალაში. ჩვენ ველოდებით, რამდენად შედეგს გამოიღებს ეს შეხვედრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღევანდელი შეხვედრით მე პირადად კმაყოფილი არ ვარ,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

კლუბ ბასიანის მენეჯერი, ტატო გეთია, აღნიშნავს, რომ შსს-ს ნაკლებად დემონსტრაციულად უნდა ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები კლუბში.

„მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ბასიანის არცერთი დამფუძნებელი ნარკორეალიზაციის კარტელში ჩართული არ იყო, თორემ მე დღეს აქ არ ვიდგებოდი. თუ იქ რაიმე ხდებოდა, რაც თუნდაც, ჩვენ გაგვეპარა, ეს არ იყო საფუძველი იმის, რომ ამხელა რეიდი, მასკარადი მოწყობილიყო,“ - განაცხადა გეთიამ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ცალკეული ინციდენტები შეისწავლონ საგამოძიებო უწყებებმა.

აქციის ორგანიზატორებს ქუჩის აქციები შაბათისთვის უკვე დაგეგმეს.

დღის ამბები