დედაქალაქის მერის ბრალდებებს, რომელმაც ყოფილი ხელისუფლება იმ მიწების უკანონო გასხვისებაში დაადანაშაულა, სადაც კოოპერატიული ბინათმშენებლობები უნდა დაწყებულიყო ოპოზიცია პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი კახა კალაძეს მოუწოდებს, იმ დრომდე სანამ წინა ხელისუფლებისკენ ხელს გაიშვერს, კარგად გაიხსენოს რამდენი ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით სწორედ ენმ-ს მიერ. მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მიწის ფართობის პრივატიზება ხდებოდა, დაზარალებულს ქონება ადგილმონაცვლეობის პრინციპით გადაეცემოდა.
„ვიდრე ქალაქის მერი ხელს გამოიშვერს "ნაციონალური მოძრაობისკენ“ მინდა შევახსენო მას, რომ სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში ასეულობით ოჯახს ვალის სანაცვლოდ გადაეცა ქონება. და ეს პროცესი გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ახლა უპირველესი და მთავარი არის, რომ ძალიან გამჭირვალედ წარიმართოს. თუ ასეთი ფაქტები იყო ხოლმე ამ დროს ხდებოდა ადგილმონაცვლეობა. ანუ დაზარალებულებს გადაეცემოდათ ქონება სხვა ტერიტორიაზე. ეს არის ახლა საინტერესო ვინ დაკმაყოფილდება ამ პროცესში. ამას ჩვენ სკულპულოზურად შევისწავლით და მხოლოდ ამ შემთვევაში დავუჭერთ მხარს ამ პროექტს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კახა კალაძის განცხადებას "ევროპული საქართველოც“ ეხმაურება. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით საცხოვრებელი ფართების მისაღებად ემზადებიან ისეთი პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ განსაზღვრულ სტატუსს.
„იქ იყო მითითებული, რომ პრივილეგია მიენიჭება რიგითობით ანუ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა იქნება მინიმალური. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები რომლებიც არ სარგებლობენ აღნიშნული სტატუსით, ის ადამიანები არინ ინფორმირებული, რომ მათზე მოხდება შესაბამისი საცხოვრისის გადაცემა,“-განაცხადა დავით ჟღენტმა.
დედაქალაქის მერის განცხადებით თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება იწყება. მისივე განმარტებით ეს პროცესი შეჩერებული იყო იმის გამო, რომ მიწის ფართები, რომელზეც სახელმწიფოს მშენებლობა უნდა ეწარმოებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო სხვა პირებზე პრივატიზებული.