ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადებები გააკეთეს.
აქციის მონაწილეებმა განცხადება შს სამინისტროს შენობასთან წაიკითხეს. მათი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურად იჩაგრებიან, თუმცა პოლიცია ამაზე სათანადოდ არ რეაგირებს. აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთანაც, სადაც უფლებადამცველებმა სექსუალური უმცირესობებისთვის სრულფასოვანი განათლების უფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ სკოლებში ბულინგი უწყების გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. მათი განცხადებით, ლგბტ თემი ვერ სარგებლობს სათანადო ჯანდაცვის პროგრამით, რის გამოც ისინი ვარდებიან ისეთ მდგომარეობაში, რასაც საერთაშორისო საზოგადოება წამებად მიიჩნევს.
„მოვითხოვთ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ტრანსგენდერ ადამიანებსა და ინტერსექს ადამიანებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ჰაიდლაინები. უნდა დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისგან და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავ მინიჭების სამედიცინო პროცედურების ჩატარებას“-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მას შემდეგ, რაც უფლებადამცველები და ლგბტ თემის წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებთან საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებენ ისინი კანცელარიისკენ დაიძვრებიან.
19:00 საათზე კანცელარიის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.