„რეესტრში გაფორმებული ძარცვა, მოტყუებული ემიგრანტები“ - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია იმართება დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე, სადაც სამშენებლო კომპანია სვეტს კორპუსები უნდა აეშენებინა.
აქციის მონაწილეებს შორის არიან ემიგრანტებიც.
მენაშენეები ამბობენ, რომ მათი თანხები კომპანიის მიერ გაიფლანგა, თუმცა, მშენებლობები არ დასრულებულა და ისინი საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილები.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის ახლა ცნობილი გახდა, რომ ადგილზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო, თუმცა, თავდაპირველად სვეტმა მშენებლობა მაინც დაიწყო.
აქციაზე შეკრებილები თაღლითურ სქემაზე ლაპარაკობენ და საკითხით პროკურატურას დაინტერესებას სთხოვენ. ისინი გუშინ მთავარ საგამოძიებო უწყებაშიც იმყოფებოდნენ.
„ჩვენი საწყალი ემიგრანტი შვილების ნაწვალები ფულები შეჭამეს. მოგვხედეთ, ხალხო, სანამ დროა, თორემ არცერთი ხმა არ გექნებათ არჩევნებზე. რა იქნა ბატონი კალაძე, იმედი გვქონდა, მაგრამ სულ დაიკარგა. არავის იმედი აღარ გვაქვს. ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძვით, ან დაგვიბრუნეთ თანხები, ან გააგრძელეთ მშენებლობა,“- განაცხადა დაზარალებულმა, მაყვალა ბათიაშვილმა.
დაზარალებულები ასევე ამბობენ, რომ ისინი დახმარებას საპატრიარქოსგანაც ითხოვენ, რადგან მშენებლობა პატრიარქის მიერ იყო ნაკურთხი.
ბრალდებებს სამშენებლო კომპანია „სვეტში“ უპასუხეს. მათი თქმით, კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
„კომპანია არის გადაბარების რეჟიმში, ხდება სტაფის განახლება, მენეჯმენტის, ისევე როგორც ინვესტიციის. ინვესტიციასთან ერთად იცვლება ეს ყველაფერი. თვის ბოლოდან ამ ყველაფერს ახალი ინვესტორი. არვის არაფერი მიუთვისებია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც სამშენებლო კომპანია „სვეტს“ გააჩნია მენაშენეებთან, ყველა ის ვალდებულება იქნება შესრულებული. ვადები ცნობილი გახდება მაისის ბოლოდან, როდესაც კომპანიაში რეორგანიზაცია დასრულდება,“- განაცხადა კომპანია „სვეტის“ წარმომადგენელმა, თემურ კენკებაშვილმა.