თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მაშველებს მოქალაქეები ტერიტორიიდან გაჰყავთ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოსახლეობა დედაქალაქის მერთან შეხვედრას და ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას ითხოვს.
„გვინდა შევხვდეთ კალაძეს. 11 წელია ლტოლვილები ვართ თბილისში და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ და ბინიდან ბინაში არ ვიაროთ? მე პირად ბინის ქირა შემიწყვიტეს. ვერ ვაღწევთ სამართალს“-ამბობს ცისანა წამალიშვილი.
ადგილზე იმყოფებოდა სამგორის რაიონის გამგებელი. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა, მომდევნო ნაბიჯი კი მათი დროული დაბინავებაა.
„ყველა მათგანს დავაბინავებთ დღესვე. შემდეგ უკვე ლაბორატორტია და კეთილმოწყობის სამსახური იმუშავებს მოხდება კორპუსის გამაგრება თუ დემონტაჟი.
ნაწილის გადაყვანა მოხდება ქირით დღესვე რასაც მოვასწრებთ ,ნაწილს კი დავაბინავებთ სასტუმროში“-აცხადებს გამგებელი კახა გულედანი.
არსებული ინფორმაციით, 4 სართულიანი კორპუსი ავარიულია და სამგორის გამგეობამ მცხოვრებლები დროებით საცხოვრებელში რამდენიმე თვის წინ გადაიყვანა, თუმცა მათი ნაწილი საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად დაბრუნდა.