ოფიციალური თბილისი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, ევროსასამართლოს აქვს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოიტანოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
თეა წულუკიანის თქმით, მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე გაცილებით ადრე ემზადებოდა საქართველოში ინტერვენციისთვის.
„დიდი იმედი გვაქვს როგორც მხარეს რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას როგორც ეს მათ სჩვევიათ რადგან არიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო სასამართლო. და რომ ის იტყვის სიმართლეს სიმართლე კი არის ის, რომ რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა. ამას მოწმობს ბატონი პუტინის საჯარო გამოსვლაც და რომ ჩვენ ვიხილეთ გაასმაგებული ხარისხი კონტროლისა აგვისტოს თვეში რუსეთის მხრიდან,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ხვალ ევროპული სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ბოლო ზეპირ მოსმენას გამართავს.
ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები საგანგებო თათბირს მართავენ, სადაც იმ მტკიცებულებებს განიხილავენ, რომლითაც აგვისტოს ომის დროს ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დგინდება.
საქართველოს სახელმწიფოს ორი ბრიტანელი ადვოკატი ჰყავს, რომლებიც ევროსასამართლოში ხვალ სიტყვით წარდგებიან.
ხვალ დიდი პალატის წინაშე მოსმენა გაიმართება, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით ედავება ევროპული კონვენციის 8 მუხლზე, სადაც ყველაზე ძირითადი არის მეორე, მესამე და მეხუთე, რაც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფას, ასევე, არაადამიანურ მოპყრობას და წამებას.
საქართველოს მხარეს, როგორც ადვოკატები აცხადებენ, სტრასბურგის სასამართლოსთვის 700-ზე მეტი ნივთმტკიცებულება აქვს წარდგენილი.