კლუბ ბასიანის დამფუძნებლის ადვოკატი ეჭვობს, რომ სამართალდამცავები მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ცდილობენ.
ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ დაკითხვის დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციამ დნმ-ის ანალიზი მოსთხოვა, რაც საქმესთან კავშირში არ არის.
„გამოძიებამ მოინდომა, რომ ნერწყვის აღება მომხდარიყო დნმ-ის ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაზეც უარი ვუთხარით. ეს საერთოდ აცდენილია სივრცესაც და თემასაც იმდენად, რამდენადაც თვითონ მინისტრმა დააანონსა, რომ იქ, კლუბში, თვითონ მოცეკვავეებმა დაყარეს სხვადასხვა ნარკოტიკები. ახლა ხომ ამოღებულია ეს ნარკოტიკები და ვისი კუთვნილებაც იყო, თუ იმისი დადგენა უნდათ, იმ კლუბში იმ ღამეს ვინც ცეკვავდა, ისინი უნდა გაატარონ დნმ-ის ანალიზზე. ამან ეჭვი გააჩინა და უარი ვუთხარით ამ პროცედურაზე. ანუ ფაბრიკაციის მცდელობა ხომ არ არის. მე არაერთ საქმეში მინახავს ასეთი ფაბრიკაციები,“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ის დაელოდება, როდის მოითხოვს სასამართლო წესით სამართალდამცავი უწყება დნმ-ის ჩაბარებას, თუმცა, ამ შემთხვევაშიც იურისტი მოითხოვს დასაბუთებას მსგავსი ანალიზის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
კლუბ ბასიანის დამფუძნებელი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა გამოძიებას ჩვენებას.