მთავრობის კანცელარიასთან ძიუდოისტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სპორტსმენები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. სპორტსმენები ამბობენ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრთან და ოლიმპიურ კომიტეტთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
მათი განცხადებით, ისინი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას გიორგი კვირიკაშვილს მიაწვდიან.
„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იქნება, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს ამ ამბით. მოგვაქციოს ყურადღება და გაიაროს ჩვენთან ერთად ეს პრობლემები. აუხსნათ მას. დავჯდეთ მასთან ერთად და საქმის კურსში ჩავაყენოთ თითოეული დეტალით თუ რას ვითხოვთ ჩვენ, თუ რა გვინდა და ვისთან გვაქვს საქმე,“-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ძიუდოისტების პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენები ქევხიშვილს ერთპიროვნულ მმართველობასა და ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებენ.