საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ძიუდოისტების პროტესტს მართულს უწოდებს. ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ თუ კი სპორტსმენებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, ამის შესახებ საქმის კურსში ხელმძღვანელი პირები უნდა ჩაეყენებინათ. ჩოჩელი დარწმუნებულია, რომ ახალ ბრძოლა საპრეზიდენტო სკამისთვის მიდის.
„მათი უმრავლესობა მოსული არის ჩემთან პირადი საკითხების მოგვარებაზე, პირად დახმარებაზე, პირადი პრობლემების მოგვარებისთვის. მათ პირადულისთვის შეიძლება შევეწუხებინე, მაგრამ რაც ეხებოდა საქმეს ამ პრობლემებზე ე.ი. ერიდებოდათ. პროცესები ცალსახად გეუბნებით, რომ არის მართული. არიან დაინტერესებული მხარეები. როდესაც ვამბობ, რომ თუ არსებობს პრობლემები, დღეიდან ვიღებ პირად პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ ყველა იმ პრობლემას, საყოფაცხოვრებო პრობლემის ჩათვლით, რომელიც გაგაჩნიათ მოგიგვარებთ და ამაზე ვღებულობ უარს. და მარტო იბრძვიან პრეზიდენტის სავარძლისთვის ეს უკვე სამარცხვინოა რა,“-განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა.
ძიუდოისტების პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას და ფინანსური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამჯერად სპორტსმენები მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურთ. ძიუდოისტები ამბობენ, რომ კონსულტაციები ოლიმპიურ კომიტეტთან ჩიხში შევიდა.