ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ქვეწარმავლების შემოსევის გამო შეწყდა. ქვეწარმავლები ბაგა-ბაღში იმ დროს იპოვეს, როცა შენობაში 600-მდე ბავშვი იმყოფებოდა.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბაღის ადმინისტრაციამ სააღმზრდელო პროცესი შეწყვიტა. მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვები ბაღიდან გაურკვეველი ვადით დაითხოვეს.
ქუთაისში ამბობენ, რომ ქვეწარმავლები ქალაქში მას შემდეგ მომრავლდნენ, რაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა მდინარე ოღასკურის კალაპოტის წმენდა დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ქალაქში ქვეწარმავლების შემოსევა მდინარის გაწმენდას არ უკავშირდება. მდინარის მიმდებარე ქუჩების შეწამვლა შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს. სამუშაოები მე-17 საჯარო ბაგა-ბაღშიც მიმდინარეობს.
რამდენად ეფექტური იქნება ქუთაისი მერიის მიერ ქვეწარმავლებთან ბრძოლის მეთოდები ჯერ, უცნობია. ასევე გაურკვეველია, როდიდან აღდგება მე-17 საჯარო ბაგა ბაღში სწავლა.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.