მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ირაკლი შოთაძის თქმით, ის მზად არის, პირადად უპასუხოს ზაზა სარალიძის შეკითხვებს.
მთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვისი პასუხიმგებლობაც გამოკვეთილია ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე, უკვე მიცემულია პასუხისგებაში.
„მე მზად ვარ, პირადად შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება, მირზა სუბელიანის საკითხს, არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შოთაძე „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეომასალასაც გამოეხმაურა, სადაც ჩანს, თუ როგორ მოინახულა სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდები მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა.
შოთაძის თქმით, ეს კადრები მკვლელობის საქმეში მართალია არ დევს, მაგრამ მისი განმარტებით, მასალა წარმოადგენს მეორე საქმის ნივთმტკიცებულებას, სადაც პასუხისგებაში მიცემულები არიან ამ მკვლელობის დაფარვაში ბრალდებული პირები.