27 მაისს საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება, თუმცა უცნობია რა ფორმით და რა მოთხოვნებით. კონსულტაციები ორგანიზატორებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება. როგორც "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი განმარტავს, თავდაპირველად 27 მაისის აქცია დაიგეგმა „ბასიანის“ მხარდასაჭერად. ვინაიდან კლუბი გუშინ გაიხსნა, აქციის მონაწილეებს აქციაზე გასაჟღერებელი მოთხოვნები შეეცვალათ.
„ბასიანი“ დააბრუნეს. აქციის მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. თუმცა ასევე აქციაზე ვფიქრობდით, რომ გაგვეჟღერებინა ის საკითხები რაც გვაწუხებს ამ ეტაპზე და რაც ვფიქრობთ, რომ საჭიროა დღის წესრიგში დადგეს. ახლა ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც 27 მაისის ფორმისა და ადგილის ცვლილებაზეც მიდის მათშორის საუბარი და ვფიქრობთ შინაარსზე, თუ რა შინაარსის უნდა იყოს,“-განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხს, მისი თქმით ეს თემა იმ დრომდე იქნება დღის წესრიგში, სანამ არ გადაწყდება.
კონსულტაციები აქციის ორგანიზატორებს შორის გუშინ დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ 27 მაისის დაანონსებული აქცია ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.
„ჩვენ გუშინაც იმ პროცესში ვიყავით, რომ გაგვეანალიზებინა თუ რა მოხდა, როგორი რეაქცია გვქონოდა და ამ მომენტამდე ამ მომენტამდე ამ პროცესში ვართ. 27 მაისი აქცია, რომ გაიმართება, ეს ფაქტია თუმცა ამ წუთამდე ვმსჯელობთ ფორმაზე, ფორმატზე და ა.შ.“-განაცხადა კლუბ „ბასიანის“ ერთ -ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ.
27 მაისის აქციისთვის გაერთიანდება თითქმის ყველა კლუბი. მათ შეუერთდება "თეთრი ხმაურის მოძრაობა."