ვარაზისხევი შესაძლოა, 13 ივნისის მსგავსი კატასტროფის წინაშე დადგეს - სეისმოლოგები და მეტეოროლოგები პარლამენტში მმართველი გუნდის წევრებს ხვდებიან.
სეისმოლოგები და მეტეოროლოგები პარლამენტში დეპუტატებს იმ რეზონანსული კვლევის შედეგებს აცნობენ, რომლის მიხედვით დედაქალაქის ამ ნაწილში ტექნოგენური კატასტროფა გარდაუვალია.
სპეციალისტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ მაისი-ივნისისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექი მოვა არ არის გამორიცხული, რომ სტიქიური უბედურება ამჯერად ვარაზისხეობას და მის ჭალაში მცხოვრებ ადამიანებს დაემუქროს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ვარაზისხევში ვერეს ხეობის მსგავსი ტრაგედია, რომ არ მოხდეს, აუცილებელია, მშენებლობების შეჩერება და არსებული ნაგებობების გამაგრება.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება არ შეიძლება.
„იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ან ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები უნდა შეწყდეს და ჩვენი აზრით, ის უხეში ჩარევა, რითაც ჩაერია ადამიანი გარემოში, კერძოდ, გამოთხარა მეწყრის ძირი, გამაგრებითი სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩატარდეს,“ - განაცხადა გოდოლაძემ.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი ამბობს, რომ დასკვნას ეცნობიან და გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების გაცნობის შემდეგ მათი რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ.
„განაცხადების განხილვის სტადიაზე, ბუნებრივია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიიღება დეტალური გეოლოგიის და ჰიდროლოგიის გათვალისწინებით აღნიშნულ ტერიტორიაზე,“ - განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ საკითხის მოგვარებას შეეცდებიან. გეგიძის თქმით, ის ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.
„ჩვენ გვჩვევია ისე, რომ ბოლომდე მივიყვანთ ყველა პრობლემის გადაწყვეტის საკითხს, ეს იქნება რეკომენდაციების სახით, მოთხოვნების სახით თუ შევძლებთ ახლა ამ ფორმატში კონკრეტული დასკვნის გამოტანას თუ რა უნდა გაკეთდეს, წინასწარი პროგნოზები დასკვნის უკვე მაქვს ხელთ. მოსახლეობა მელაპარაკებოდა იმ საფრთხეებზე, რომ ვერ გრძნობდნენ თავს მშვიდად, რადგან ეს არის ხეობა და მდინარის ლანდშაფტია, მდინარის ჭალაა და აქედან გამომდინარე, რისკის მაღალი ზონის სექტორია,“ - განაცხადა გეგიძემ.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი, მართლაც, უხვი ნალექი მოვიდა, მოვარდნილი წყალი არა მხოლოდ ნინო ჟვანიას ქუჩას, არამედ მის ქვედა ქუჩებსაც დატბორავს და საბოლოოდ, კვლავ ზოოპარკისა და გმირთა მოედნის ტერიტორიამდე ჩავა.
„დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხეობაში მეწყერსაშიში უბნებიც ბევრია, მათ შორის, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე.