თბილისის საკრებულომ "ვარდების მოედანს" სახელი გადაარქვა. ამიერიდან „ვარდების მოედანს“ "პირველი რესპუბლიკის" სახელი მიენიჭება.
სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს არ მიუღიათ.
"ევროპული საქართველო" სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევას მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიებად მიიჩნევს.
„იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს საზოგადოების კონსოლიდაციაზე, ზრუნავდეს იმაზე, რომ ასეთ თარიღებზე გამოდიოდეს ინიციატივები, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, გამოაქვთ საკითხი, რომელიც საზოგადების ნაწილისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევა, მცდელობა ჩვენი უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლის ამოშანთვის და ეს რაღაც უაზრო კონკურენცია,“ - განაცხადა გაბაშვილმა.