მოძრაობამ „სიცოცხლისთვის" ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა.
შეკრებილები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მოძრაობის წევრები ქალაქში მშენებლობის კუთხით არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.
„საფრთხის ქვეშ ვდგავართ. ოთხი წელია შიშით ვიძინებთ და ვიღვიძებთ. მუდმივად რაღაცეები ცვივა, სრული დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა“-ამბობს მსახიობი თათული დოლიძე.
ატენის ქუჩაზე მცხოვრებთა ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე მშენებლობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების უფლება ირღვევა. გაბუნიას თქმით, აუცილებელია შეჩერდეს მშენებლობა.
„სიცოცხლისა და საკუთრების უფლება არის ფეხქვეშ გათელილი. ამის ნათელი მაგალითია თათული დოლიძის სახლის ახლოს მიმდინარე მშენებლობა. ჩვენ კონკრეტულად ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას მერიისგან“-ამბობს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.